ესტონეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატების და ალბანეთი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთს-საქართველოს ომიდან 13 წელი სრულდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ. ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, საქართველოს შემადგენელ ნაწილზე და მის ნაბიჯებს ამ ქართული რეგიონების ანექსიისკენ. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც გრძელდება პანდემიის მიუხედავად – გაძლიერებული სამხედრო ყოფნასა და სამხედრო წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე, გაძლიერებულ ბორდერიზაციის პროცესს, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და ადმინისტრაციული საზღვრის-სასაზღვრო ხაზების (ABL) ხანგრძლივ დახურვას, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც ჯერ კიდევ უსამართლოდ არიან დაკავებული.
ვიხსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართული რეგიონების ეფექტური კონტროლისას, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, ქართველების სახლებში დაბრუნების აღკვეთასა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიების წარუმატებლობაზე.
ღრმად შეშფოთებული ვართ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმს არ მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეუფერხებელი წვდომის მინიჭებას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებზე.
უნდა შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის.
მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს (IPRMs), როგორც მნიშვნელოვან ფორმატებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხების გარეშე.
ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის გაეროს წესდებასა და ჰელსინკის საბოლოო აქტზე.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნა”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.