ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურსა და მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ორივე ბრალდებული თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ოლიმპიური ჩემპიონი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ორი დღე დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა მან დღეს დუმილი დაარღვია.
ზვიადაურის თქმით, მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და ეს იყო აუცილებელი მოგერიება.
“კონფლიქტში მონაწილეობა ზურაბ ზვიადაურს არ მიუღია, შემდეგ დაურეკა მისმა ძმამ და მივიდა, რომ წამოეყვანა. მოკლული არის ზვიადაურის ძმა, რომელსაც 6-7 შემავალი ჭრილობა აქვს და მისი მეგობარი, რომელსაც 10-მდე შემავალი ტყვია აქვს. 16- 17 შემავალი ჭრილობა აქვს მარტო 2 ადამიანს და კიდევ რამდენი გასროლა მოხდა იქ. ზურაბ ზვიადაურის მხრიდან მოწინააღმდეგისთვის ცეცხლის გახსნა სრულიად ლეგიტიმური და სამართლიანია და მას სროლა არ დაუწყია”,- განაცხადა ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანაშვილმა.
წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა.