პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების გადატანა-გადმოტანა ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება.
“მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, პრეზიდენტი ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.
“მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!”, – აცხადებს ზურაბიშვილი. ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი