spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ცუცქირიძე – ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 12.2 პროცენტი შეადგინა, რაც არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

 

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა  აჭარბებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც.  

 

“საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო სულ ახლახან წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “S&P Global“-მა საქართველოს უცვლელად დაუტოვა რა საკრედიტო რეიტინგი, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს სსფ -ის მაჩვენებელთა ახლოს 7.5 პროცენტი იქნება  და  წინა, 2021 წლის თებერვალის შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად, 3.5 პ.პ-ით არის გაზრდილი. ეს შეფასებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის კარგ წინაპირობებს, ქვეყანას საინვესტიციო რეიტინგი მიენიჭოს უახლოეს ორ წელიწადში, რაც არის გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, მყარი ბაზისი გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. 

 

მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ,  საქართველის ეკონომიკის შეფასების გაუმჯობესებული პარამეტრები, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს. 

 

“ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისის კუმულატიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 5.7 პროცენტით აღემატება პანდემიანდელი, 2019 წლის იანვარ-ივლისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ოპტიმისტული სცენარებით წლიური ზრდა სულაც 10. 5 პროცენტი შეიძლება გვქონდეს.  ჩვენ გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას,“ – აღნიშნა ექსპერტმა. 

 

მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და პირველ რიგში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციები. კერძოდ, 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი  42.4 პროცენტით გაიზარდა , ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), სარეკორდო 48.5 პროცენტით არის გაზრდილი.

 

“ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლას და შესაბამისად, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას ბიზნესზე და მოსახლეობაზე მთლიანად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესება წარმოადგენს. თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს მაღალი ზრდა, რაც სავალუტო კურსის სტაბილურობასთან ერთად, სამუშაო ადგილების აღდგენასაც შეუწყობს ხელს, სწორედ ვაქცინაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რათა ეკონომიკა ისევ არ ჩაიკეტოს!“ – წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები