spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – შეიცვალოს ადამიანის ღირსების შემლახველი, მოძველებული, საბჭოთა მეთოდი

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით კახა კალაძის მოწოდება გააპროტესტა და ხელისუფლებას ადამიანის ღირსების შემლახავი ნარკოლოგიური შემოწმების მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდა.  

 

“კახა კალაძის მოწოდება, თბილისის მერობის კანდიდატებმა ჩაიტარონ ნარკოლოგიური შემოწმება, არის გაგრძელება იმ საბჭოთა პოლიტიკის, რომელსაც ატარებს მმართველი ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების მიმართ. ჯერ ერთი, შარშან, ზუსტად სექტემბერში, სწორედ კახა კალაძის პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა საპარლამენტო კანდიდატს მოუხსნა ნარკოტესტის ჩატარების ვალდებულება. თუ წელს ეს ინიციატივა, არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, მაშინ ვსვამ შეკითხვას, შარშან არ იყო ეს პრიორიტეტი? მეორე და უმთავრესი, წლების განმავლობაში დგას საკითხი, რომ ის მეთოდი, რომლითაც დღეს ხდება ნარკოდამოკიდებულებაზე შემოწმება, კამერის და თანამშრომლის თანდასწრებით მოშარდვა, არის საბჭოთა მეთოდი, ეს არის ადამიანის ღირსების პირდაპირი შელახვა. მით უმეტეს, ამ მეთოდის გატესტვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ჩვენ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ხდება პირადი ინფორმაციის თუ ჩაწერის გავრცელების შესაძლებლობა, აშკარად საშიში და მიუღებელია. ეს პროცესი შეიცავს საფრთხეს, რომ კადრები, რომელსაც გადაიღებენ ინტიმურ სიტუაციაში, გამოყენებული იქნება ამა თუ იმ პოლიტიკოსების ან ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ.

 

ამიტომ, მე არ ვაპირებ შევუერთდე კალაძის მოწოდებას, თუმცა მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოვუწოდო ხელისუფლებას, პოლიტიკური ფლირტაობის მაგივრად მიხედონ საქმეს – შეიცვალოს ადამიანის ღირსების შემლახველი, მოძველებული, საბჭოთა მეთოდი და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაინერგოს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც ადამიანის ღირსების კონსტიტუციით დაცულ ნორმებს დააკმაყოფილებს. სხვათა შორის, ამ ცვლილებას საზოგადოების  დიდი ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს,“ – განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ანა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები