“ქართული ოცნების” ერთადერთი სათქმელი საზოგადოებისთვის არის სიძულვილი და გახლეჩვის დათესვა – ასე ეხმიანება პარტია “დროას” ლიდერი და ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია თბილისის ქუჩებში “სისხლიანი ბანერების” განახლებული ვერსიის გაკვრის ფაქტს.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს და დაუფარავად გადადის აგრესიულ ფორმებზე. ამასთან, ცინიზმია, რომ ეს ბარერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.
“ეს არის სიძულვილის ენა, რაც არის ძალიან ჩვეული მათთვის. ამისთვის მათ მიღებული აქვთ კრიტიკა ეუთო/ოდირიდან, რომლის ანგარიშშიც პირდაპირ წერია, რომ ეს არის სიძულვილის ენა და არის მიუღებელი. ეს არის მორალური, ადამიანური, პოლიტიკური განაჩენი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერზე: სიძულვილზე, გულგრილობაზე, უპასუხისმგებლობაზე პასუხი გაეცემათ 2 ოქტომბერს”, – აცხადებს “დროას” ლიდერი.
“არა ნაცებს”, არა ბოროტებას, არა ღალატს”, – ამ წარწერით თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ბანერზე არიან მედიამენეჯერებიც – “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია.
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ბანერზე ვერ მოხვდა, რასაც მან სოციალურ ქსელში ხუმრობით “სექსიზმი” უწოდა.