spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

#48 საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი მდივანი – არ მინდა ამ საკითზე საუბარი, მიჭირს ამის გადატანა, რაც მჭირს

დავრჩი უსახლოდ,  საყვარელის საქმის გარეშე,  მიჭირს ამის გადატანა, რაც მჭირს – განუცხადა ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილმა მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ Front News-ს დაკავებული პოსტიდან მისი წასვლის შესახებ საუბრისას. 

 

იყო თუ არა სამსახურიდან წასვლის მიზეზი მასზე განხორციელებული ზეწოლა, ხარაგაულის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამის შესახებ არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე თემაა. 

 

“წევრობაც დავტოვე, არა მხოლოდ მდივნობა, არ მინდა ამ საკითზე საუბარი, მიჭირს ამის გადატანა, რაც მჭირს. დავრჩი უსახლოდ, დავრჩი საყვარელის საქმის გარეშე. რომ არ ყოფილიყო საჭირო ცხადია, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. მოხუცი მამა მყავს და უმუშევარი დავრჩი”, – განაცხადა მაყვალა სულაქველიძემ.

 

პარტია ,,საქართველოსთვის” ხარაგაულის მერობის კანდიდატის ვარლამ თავზარაშვილის განცხადებით  კი,  მიზეზი,  რატომაც #48 საოლქო კომისიის მდივანმა პოსტი  დატოვება, მასზე განხორციელებული მუქარა და ზეწოლაა. 

 

თავზარაშვილის ინფორმაციით, კომისიის მდივანს  მაყვალა სულაქველიძეს თანამდებობის დატოვება, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა და კომისიის თავმჯდომარემ აიძულეს.

 

“ქართული ოცნება” ემზადება ხარაგაულში არჩევნების გაყალბებისთვის. ადგილობრივებს სოციალური დახმარების შეწყვეტითაც ემუქრებიან, ცენტრალურ მაგისტრალზე დასაქმებულებს კი არჩევნებზე #41-ის შემოხაზვას სამსახურიდან გაშვების მუქარით აიძულებენ. მუქარისა და ზეწოლის გზით აიძულეს #48 საოლქო კომისიის მდივანი რომ პოსტი დაეტოვებინა. მასზე ზეწოლას  “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი და კომისიის თავმჯდომარე ახდენდნენ”, – განაცხადა თავზარაშვილმა. 

 

ზეწოლას უარყოფს, თუმცა მდივნის გადადგომის მიზეზებზე ვერ საუბრობს #48 საოლქო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე. როგორც მან Front News-ს განუცხადა, მაყვალა სულაქველიძის პოსტიდან წასვლის მიზეზი არ განუმარტავს. 

 

“მე როდესაც ვნახე, გვთხოვე, განცხადების დაწერა გადაეფიქრებინა.  მან არც მიზეზი მითხრა, ასე მაქვს გადაწყვეტილიო და განცხადება დაწერა. ეს იყო 16 სექტემბერს. განცხადებაშიც არ აქვს დასახელებული მიზეზი. ვფიქრობ, გადაიღალა”, – განაცხადა ცისკაძემ.

 

მაყვალა სულაქველიძე დაკავებულ პოზიციაზე 16 წელი მუშაობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები