კოვიდინფიცირებული 49 წლის კახაბერ ელისაშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.
მათი თქმით, მამაკაცი ქარელის “გორმედის” მედპერსონალის დაუდევრობას ემსხვერპლა.
ოჯახი აცხადებს, რომ კოვიდის დადასტურების შემდეგ მამაკაცს ტემპერატურის მატება ჰქონდა, ის კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა და სტაციონარში 2 დღე მკურნალობდა. მოგვიანებით, 10 დღის განმავლობაში, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
“ჯანღონით სავსე შვილი მომიკლეს, ორი ობოლი დამიტოვეს, სკოლამდეც ვერ მიიყვანა შვილი მამამ. ეს იყო შალვა ბესტავაშვილის ბრალი, ზუსტად ვადებ ხელს… 5-მა კაცმა ვერ დავაკავეთო, ექიმი ამბობს, რომ მკრა ხელი გადამაგდოო, ბოლო 3 ნემსი დავარტყით და დავაძინეთო, ბოლომდე დამიძინეს შვილი, ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდან”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
“გორმედის” ქარელის ფილიალში ექიმი ოჯახის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პაციენტს ფილტვების 35%-მდე ჰქონდა დაზიანებული, კლინიკაში დაგვიანებით შევიდა, ასევე, ის ჭარბწონიანი იყო, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.