საქართველოს პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო ი.ბ., თუმცა მან აღნიშნულის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა.
ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1 ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურა ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულია ერთი პირი,მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა. ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობა უკვე შეეფარდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ პროკურატურაში.