საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობებს ავითარებს. პრემიერის ვიზიტის და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შემდეგ ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტით მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება. “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, თანამშრომლობა ჩინეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისით. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის საწინააღმდეგო არავის აქვს, თუმცა ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, როდესაც მმართველი პარტიისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი ხდება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პოლიტიკურად დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა, საქართველოსთვის უკიდურესად საზიანოა.
რა შედეგებს მოიტანს ეს ურთიერთობები, როგორი უნდა შესრულდეს ევროკავშირის 9-პუნქტიანი გეგმა და როგორ აისახება მსოფლიოში განვითარებული მოვლენები საქართველოზე – ამ და სხვა საკითხებზე Front News საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებულ პროფესორს გიორგი მჭედლიშვილს ესაუბრა.
– საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობებს აღრმავებს. რამდენიმე თვის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ახლა მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. თქვენი შეფასებით, რა შედეგებს მოიტანს ეს კავშირი საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით?
– საკუთრივ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია. ჩინეთს (აშშ-ის შემდეგ) აქვს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა. ქვეყანა არის უდიდესი ბაზრით, მილიარდ 400 მილიონი მოსახლეობით და ძალიან დიდი ევრაზიული ამბიციებით. ამიტომ, თუ ქვეყანასთან ღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობა, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რომ არა დღევანდელი საერთაშორისო ვითარება. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ, მეორე ცივი ომის პერიოდში, სადაც მთავარი მოწინააღმდეგეები არიან ჩინეთი და აშშ. ჩინეთმა დაიკავა საბჭოთა კავშირის ადგილი, თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთი სსრკ-ზე უფრო მძლავრია. ამიტომ, ეს ცივი ომი იქნება უფრო მძლავრი. ახლა ცივი ომის ცხელი სახე არის სწორედ უკრაინაში. რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ესეც შეიძლება ჩაითვალოს ცივი ომის ახალ საბრძოლო ველად. ამიტომ ვითარება ისეთია, რომ ერთი ქვეყნის მოგება ნიშნავს მეორეს წაგებას. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საქართველო დადგეს არჩევანის წინაშე რომელ ქვეყანასთან ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ-პოლიტიკური კუთხით და რომელთან – არა. სამწუხაროდ, ცივი ომი არის მდგომარეობა, როდესაც შეიძლება არ გამოვიდეს ორივე ქვეყანასთან ურთიერთობა კარგად. ამაში ვხედავ პოტენციურ პრობლემას. მეორე პრობლემაა ის, რომ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური ფასი. ამას მართებს სიფრთხილე და ამიტომ, მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები. არ უნდა იყოს ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთობა ჩვენი გეოპოლიტიკური ვექტორის შესუსტების ფასად.
– ჩინეთმა უკვე საჯაროდ დაადასტურა ანაკლიის პორტით დაინტერესება. ეს ინტერესი შესაძლოა, მიანიშნებდეს ჩინეთის ამბიციას და სურვილზე, რომ დამკვიდრდეს შავ ზღვაში. როგორი განვითარება შეიძლება, ჰქონდეს ჩინეთის ინტერესს და რა ბედი ელის პროექტს, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს?
– შავი ზღვის რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი ჩინეთისთვის, რომელიც რეალურად ევროპა-აზიას აკავშირებს. ჩინეთი ცდილობს, რუსეთის მეშვეობით დასავლეთის შესუსტებას გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად. დღეს ჩინეთს მოკავშირედ ჰყავს რუსეთი. არაა გამორიცხული, რომ ანაკლიის ბატონ-პატრონი ზუსტად ჩინეთი იყოს და არა დასავლეთი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული შეცდომა იქნება და გაიზრდება რისკი რუსეთის ორბიტაში მოხვედრის.
– საქართველომ დეკემბრის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო და განსაზღვრა 9 პუნქტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის დათქმების შესრულებას არ აპირებს, ორივე მხრიდან ისმის ურთიერთბრალდებები, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ იმისათვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი არ შეეშალოს?
– ამაზე პასუხისმგებლობას ვანაწილებ ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც. ეს არის საკითხი, სადაც უნდა იყოს შეთანხმება, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყონ რეკომენდაციების შესრულებაში. სახელების დარქმევა, ვინ პრორუსია და ასე შემდეგ, არის ძალიან კონტრპროდუქტიული. შარლ მიშელის შეთანხმებაც, ვფიქრობ, ორივე მხარემ დაარღვია. ამიტომ, არ უნდა იყოს აქ ნულოვანი ჯამი. მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხში უნდა გაერთიანდეს.
– რაც შეეხება საქართველო-უკრაინის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. უკრაინასთან ურთიერთობაში დაძაბულობა ამ დრომდე არსებობს, პარალელურად რუსეთთან აღდგა საჰაერო მიმოსვლა, ორი რეგიონი ისევ ოკუპირებულია, ხელისუფლება მოქმედებს არგაღიზიანების პოლიტიკით. როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას?
– საქართველო მხარს უჭერს რეზოლუციებს უკრაინის სასარგებლოდ, თუმცა ეს დახმარება შეიძლება უფრო მკაფიო პოლიტიკურად იყოს. ის, რომ ბევრი უკრაინელი არის საქართველოში – კარგია, მაგრამ რიტორიკა არის გამოსასწორებელი ორივე ქვეყნის მხრიდან. არ იყო სწორი, როდესაც ელჩი გაიწვიეს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი განცხადება სანქციების არ შეერთებასთან დაკავშირებით, უკრაინელებისთვის მტკივნეული იყო. რიტორიკა ისეთი დაძაბულია, რომ ორივე ქვეყნისთვის წაგებიანია. საქართველომაც და უკრაინამაც უნდა გაიაზროს, რომ მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ, ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები.
– მსოფლიოში ამ დროისთვის არაერთი ცხელი წერტილია, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოზეც. ომი უკრაინაში, ისრაელში, იემენში განვითარებული მოვლენები – როგორია ჩინეთის და რუსეთის როლი ამ და არა მარტო ამ კონფლიქტებში?
– ახლო აღმოსავლეთის ვითარებაში, ცხადია, რუსეთმა არ განახორციელა ისრაელზე თავდასხმა, მაგრამ რუსეთი არის მთავარი სპოილერი. ისევე, როგორც ევროკავშირში არის ორბანი, რომელსაც რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისად, რუსეთის და ჩინეთის როლი შეიძლება არ იყოს პირდაპირი, მაგრამ ცხადია, ამ მოთამაშე ქვეყნების გამოთიშვა და გაკეთილშობილება გამოიწვევს მთელ მსოფლიოში სიმშვიდეს. ეს ქვეყნები, მაშინაც კი, როცა თვითონ არ ქმნიან კონფლიქტს, თავად უწყობენ ამ ვითარებას გაგრძელების შესაძლებლობას.
– მიმდინარე წელი აქტუალურია არჩევნების თვალსაზრისითაც – საქართველოში, ევროპარლამენტსა და აშშ-ში არჩევნებია დაგეგმილი, რომელთაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. თქვენი შეფასებით, რა შეიცვლება სამივე არჩევნების შედეგების გათვალისწინებით საქართველოსთვის?
– ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, გავლენა იქნება და საბოლოო ჯამში თავის წვლილს შეიტანს. დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჯანსაღი ძალები გაიმარჯვებენ. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მხოლოდ სწორი პოლიტიკური ხედვა არ არის საკმარისი.