ჩემს დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს დავის დასრულებამდე ნებისმიერი ფორმით, საჯაროდ საუბარი აეკრძალოს – ასეთი მოთხოვნით სასამართლოს ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე მიმართავს.
ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს ცილისწამებაში ადანაშაულებს. თადუმაძე ცილისწამებად მიიჩნევს ეკა გიგაურის შეფასებებს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ:
დიპლომში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო;
1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო;
საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს.
TI – საქართველო აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები ჰქონდა, ასევე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს სახალხო დამცველს და კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის რომლებიც აქტიურ მონიტორინგს უწევდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ აქვს, საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს.