spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ბურჯანაძე – რაც უნდა ჩაწერონ ევროპელებმა, არ გამოვა ეს თანამშრომლობა

ევროატლანტიკური ინტეგრაცია თუ უბლოკო სტატუსი, რა არის დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევა და როგორ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია, – ამ და სხვა საკითხებზე Front News-ს  პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესაუბრა.

– მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა. როდესაც 21-ე საუკუნეში ქვეყანას, რომელსაც დემოკრატიის პრეტენზია აქვს, უნდა  ევროკავშირში გაწევრიანება  და ევროპული ტიპის მმართველობა, ასეთ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, არარსებობა  დამოუკიდებელი სასამართლოს, დამოუკიდებელი სამართალდამცავი სტრუქტურების, სამართლიანი არჩევნების, ეფექტური პარლამენტის, ეს რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა.  კრიზისულ ვითარებაში ეს კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც შემდეგ უკვე ყველა დანარჩენ პრობლემებს ქმნის.

– ევროკომიის რეკომენდაციებში ერთ-ერთი პუნქტი  ეხება დეოლიგარქიზაციას. რამდენად არის შესაძლებელი ამის მიღწევა თუნდაც კანონის მიღების გზით და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რეალური დეოლიგარქიზაცია? 

– კანონის მიღებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ჯერ ერთი, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინის კანონი, რომლის კოპირებას აპირებენ, სრულიად სხვა რეალობისთვისაა გათვალისწინებული და საქართველოს რეალობას არ შეესაბამება. დეოლიგარქიზაცია უნდა მოახდინოს საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა იმით, რომ არჩევნებში რეალურად შეცვალონ ვითარება. არანაირი დეოლიგარქიზაცია არ იქნება, თუ არჩევნები კვლავ ისე ჩატარდა, როგორც ტარდებოდა, თუ ხელისუფლებაში კვლავ „ქართული ოცნება“ იქნება. თავს ხომ არ ვიტყუებთ? უფრო სწორად,  ხელისუფლების წარმომადგენლები გვატყუებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები თავს იტყუებენ და ჩვენც გვატყუებენ თავის თავთან ერთად. ვიდრე ხელისუფლებაში იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც იკვებება ბიძინა ივანიშვილის ხელიდან და ჯიბიდან, რომელ დეოლიგარქიზაციაზე ვლაპარაკობთ?!

– ევროკომისიის რეკომენდაციებისა და შესაბამისი რეფორმების გატარებისათვის  ევროპელი პარტნიორები ოპოზიციას ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და შესაბამისად, საპარლამენტო საქმიანობისკენ მოუწოდებენ, რამდენად პროდუქტიულად მიგაჩნიათ ეს პროცესი?

– არანაირად, პროდუქტიულად არ მიმაჩნია. ევროპელები თუ როდესმე საქართველოს სპეციფიკას ისწავლიან და ისე დაწერენ რეკომენდაციებს, კარგი იქნება. თანამშრომლობა, კოორდინაცია და ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა რომ იყოს, მაშინ  ვიქნებით შვეიცარია და არა დღევანდელი საქართველო. ერთმანეთს რომ არ ელაპარაკებიან და ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ, იმიტომ რომ “ქართული ოცნება” არ იღებს არცერთ შენიშვნას, რომელიც ოპოზიციას აქვს, ეს არის პრობლემა. რაც უნდა ჩაწერონ ევროპელებმა, არ გამოვა ეს თანამშრომლობა. ასე რომ,  მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არაპროდუქტიულია ეს პროცესი. ლოზუნგივით ჟღერს ეს თანამშრომლობა, სწორია, კარგია, მაგრამ საქართველოში არ მუშაობს.

– თქვენ ხშირად ხვდებით დასავლელ პარტნიორებს, თუ ეუბნებით მათ ამის შესახებ?

– ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ავუხსნა, თუ რა არის საქართველოს სპეციფიკა. არჩევნების დროსაც ეს იყო ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ უბრალოდ, ვერ იგებდენ  ჩვენი უცხოელი მეგობრები, რა მექანიზმებით ყალბდებოდა არჩევნები.  ვერაფრით ვერ გაიგებს რიგითი ავსტრიელი, შვეიცარიელი, ან ფრანგი, რომ შეიძლება 20 ლარისთვის, ან 20 ევროსთვის ხმა გაყიდო. ამიტომ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ პარლამენტში შესვლის მოწოდება. ეს ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურია, მაგრამ ჩვენს  ქვეყანაში არ არის ნორმალური ვითარება. პარლამენტში შესვლისკენ კი არ უნდა მოეწოდებინათ, უნდა  ეღიარებინათ, რომ არჩევნები, სადაც თავ-პირს დაამტვრევენ ადამიანს, ქუჩის ბიჭები გამოდიან და აკონტროლებენ, ვინ ვის აძლევს ხმას, სადაც 20 ლარით და კარტოფილით ხდება მოსყიდვა, სადაც სუს-ი და ათასი უბედურებაა ჩარეული, არ უნდა აღიარო სამართლიან არჩევნებად, თორემ მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ ახლა და კიდევ უფრო უარესს.

– თქვენ საკმაოდ კრიტიკული ხართ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, რას უნდა აკეთებდეს ახლა ოპოზიცია და რას არ აკეთებს? 

– ოპოზიცია უნდა იყოს ერთმანეთთან კოორდინირებული, უნდა ერთად ვისხდეთ და გამოსავალს ვეძებდეთ. ერთად დასხდომა ვიღაცებმა ერთიანი სარჩევნო ბლოკის შექმნად გაიგეს. არ ვლაპარაკობ მე სარჩევნო ბლოკის შექმნაზე,  მითუმეტეს არჩევნებამდე 2 წლით ადრე. განცხადებები, რასაც ზოგიერთი პარტია აკეთებს, “აი, ჩვენ ახლა 3 პარტია შევთანხმდით და მოდით, დანარჩენებმა ვილაპარაკოთ“  – ეს უბრალოდ უპატივცემულობაა საკუთარი კოლეგების მიმართ. ჯერ კი არ უნდა შეთანხმდე და მერე დაუძახო სხვას, მოდი,  ახლა მე დამეთანხმეო, უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ერთმანეთთან შევაჯეროთ პოზიციები. განხილვის თემა უნდა იყოს, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ან ვადამდელი არჩევნები იყოს, ან ვადამდელს თუ ვერ ვაღწევთ, 2024 წლის არჩევნებზე იგივე არ მოხდეს,  რაც 2020 წლის არჩევნებზე.

ჩემს მოწოდებაზე ერთობლივი კონსულტაციების გამართვის შესახებ, ზოგიერთმა პასუხი გამცა, რომ ჩვენ-ჩვენი პარტია გავაძლიეროთო. გააძლიერონ, აიღებენ 3 პროცენტს, უკეთეს შემთვევაში 5-ს, თუ კარგ ხასიათზე იქნა ბიძინა, დაუწერს 5, 5-ს, თუ ცუდს ხასიათზე იქნა, დაუწერს 4, 85 %-ს. იყვირებენ მერე 2020 წლის არჩევნებივით და შელაგდებიან 5 კაცით პარლამენტში. ამიტომ ვამბობ, გაერთიანებული ბრძოლის გარეშე, რომ რეალობა შეიცვალოს, 2024 წლის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილს ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა, თითქმის დამსახურებული, ოპოზიციის უნიათობის გამო. 

– რატომ არის პრობლემური, რომ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ინიციატივით დაწყებული პროცესით შეიქმნა ერთიანობა? 

– წარმატებას ვუსურვებ, რაც დაიწყეს იმაში, მაგრამ მე ვერ გავიგე, რა დაიწყეს. თუ ეს მათი გაერთიანებაა, მათი საქმეა, ასეთი გაერთიანება ვერ მიგვიყვანს ხელისუფლების შეცვლამდე, მაქსიმუმ შეიძლება თავად ეს გაერთიანება მიიყვანოს საარჩევნო ბარიერის გადალახვამდე.  არ ვიცი, ამ გაერთიანებას მიზანი რა არის, ამოცანა რა არის. ყველა როგორ უნდა გაერთიანდეს, ტელევიზორით უნდა გაიგონ, რომ ვაშაძე ყველას ეძახის?

– რაც შეეხება პარლამენტის საკითხს, გაისმის მოწოდებები, გამოდით პარლამენტიდან, საკრებულოებიდან და დადექით ქუჩაში, თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა რისი დროა, პარლამენტის, ქუჩის, თუ რის? 

– აზრი არ აქვს ახლა ამ მოწოდებებს. ოპოზიციამ თავისი არათანმიმდევრულობით დაკარგა საზოგადოების პატივისცემა. ჯერ იძახეს, არ შევალთო – შევიდნენ, მერე გამოვალთო – არ გამოვიდნენ.  აღარ აქვს ახლა ამას პრინციპული მნიშვნელობა, თუ უნდათ ისხდნენ იმ პარლამენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, შარლ მიშელის ჯგუფის მუშაობის დაწყების დროს, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციად გაყოფამ, როცა ოპოზიციის ნაწილმა წარმოიდგინა, რომ პოლიტიკური ელიტაა და  როცა უამრავი ფული იყო დახარჯული და 2 და 3 პროცენტით დაკმაყოფილდა, ამან დაანგრია ოპოზიცია და ძალიან დააზარალა ხალხის თვალშიც და რეალურადაც. ამის გამოსწორების დრო არის ახლა.

– რაც შეეხება თქვენი პარტიის აქტივობას, რას აკეთებს თქვენი პარტია ამ მიზნებისთვის?

– მთელი ამ 10 წლის განმავლობაში უმძიმეს ვითარებაში  ჩაგვაყენა “ქართულმა ოცნებამ“. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად მე და ჩემს პარტიას გვებრძოდა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ორჯერ გაგვიყალბეს არჩევნები და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე პარლამენტში არ ვყოფილიყავი. ამ სირთულეების მიუხედავად, ვცდილობთ, ჩვენი მოქმედებები და მუშაობა გავაგრძელოთ, მაგრამ ძალიან რეალისტურად ვუყურებ სიტუაციას და ძალიან კარგად ვხვდები, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება 5-პროცენტიანი ბარიერის, ამ ვითარებაში ცალ-ცალკე გადალახვა.  ჩემთვის პრინციპში ბარიერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან 5 პროცენტიანი თუ იქნება ბარიერი, 4, 85-ს დამიწერენ, ანუ იმაზე ნაკლებს, რაც არის ბარიერი. სხვა პარტიებსაც შემიძლია ვუთხრა, თითქმის ვერცერთი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. კიდეც რომ გადალახონ, ცესკო და ივანიშვილი შედეგებს, როგორც უნდათ, ისე დაწერენ. რა თქმა უნდა,  ყველამ ჩვენი პარტიები უნდა ვამუშაოთ, ვამოქმედოთ, მაგრამ ერთობისა და კოორდინაციის გარეშე არაფერი გამოვა.  

– გკითხავთ “ქართული ოცნებიდან“ გამიჯნული დეპუტატების მოძრაობის,  “ძალხის ძალის“  შესახებ, არსებობს მოსაზრება,  რომ ეს იქნება ახალი ძალა, რომელიც შეისრუტავს სხვა პრორუსული ორიენტაციის პარტიებს და ახლა მასზე დაიდება ფსონი, თქვენ რას ფიქრობთ? 

– კი, შეიძლება ასეც იყოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა სატელიტი პარტიის შექმნის. „ალტინფოს“ შეყვანა პარლამენტში მეტისმეტი იქნებოდა, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ ე. წ. პრორუსულ განწყობებზე სწორედ ამ პარტიამ იმუშაოს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არის, რომ ეს არის თამაში და საზოგადოების შეურაცხყოფა.

– 2016 წელს თქვენ  აგროვებდით ხელმოწერებს კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერის მოთხოვნით, ანუ აპირებდით კონსტიტუციურად აგეკრძალათ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ახლა რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ რომ ამისთვის მიგეღწიათ, ახლა რა რეალობა გვექნებოდა? 

– ის, რაც 2016 წელს აქტუალური და ჩემი აზრით, სწორი იყო, დღეს ბუნებრივია, სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. დღეს მთელი მსოფლიო შეიცვალა, აყირავდა ყველაფერი და ბუნებრივია, სრულიად ახალი მიდგომებია საჭირო. მაშინ მიმაჩნდა, რომ ეს იყო შანსი საქართველოსთვის. ყველა ლაპარაკობს უბლოკო სტატუსზე, მათ შორის ზოგიერთი ჩემი თავხედი ოპონენტი და არცერთხელ არ ამბობენ იმას, რას ნიშნავდა ეს. უბლოკო სტატუსი ნიშნავდა არა მხოლოდ იმას,  რომ სხვა ბლოკში არ უნდა გაერთიანებულიყო საქართველო, არამედ ნიშნავდა რუსული ჯარების გაყვანას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიიდან. ცუდი იქნებოდა რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეღიდან და სამაჩაბლოდან? მე არ მომისმენია სხვა როგორ აპირებდა ამ ჯარის გაყვანას, მაგრამ დღეს სრულიად სხვა რეალობაა, რა თქმა უნდა.

დღეს უბლოკო სტატუსზე ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სრულიად ახალი, ევროპული არქიტექტურა იქმნება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ დროს ჩვენ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გვყავს, რამაც შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დამთავრდება უკრაინის კრიზისი და ეს ტრაგედია, როგორ დალაგდება ევროპა და მსოფლიო და აქედან გამომდინარე, შემდეგ კორექტირება უნდა მოხდეს ჩემი და ყველა იმ ადამიანის პოზიციის, რომელსაც ჩვენს ქვეყანაზე გული შეტკივა. 

ირინა მაკარიძე 

Front News

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები