ხვალ მივალ აქციაზე, მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ Front News-ს განუცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე მისვლა იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის მომხრე, ან “ნაციონალური მოძრაობის” თანამოაზრეა.
“მე მივალ ხვალ აქციაზე, თუმცა არავის არ მოვუწოდებ. მიმაჩნია, რომ საპროტესტო აქცია ესაა პროტესტის კოლექტიური ფორმა და წესით ამ ფორმის ორგანიზატორები ერთი მიზანი და იდეა უნდა ჰქონდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ორგანიზატორები ჩემი თანამოაზრეები არ არიან, მაგრამ მე მაქვს ჩემი მოტივაცია და მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის გასამართლების უფლება არ ჰქონდეს.
“9 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მას მორალური უფლება არ ქონოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეპატიმრებინა. თუ ჩვენ ასეთ სტანდარტს ვიღებთ პოლიტიკოსებთან ბრძოლის, მაშინ სააკაშვილის გვერდით საკანში უნდა ისხდნენ ივანიშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ვინც ამ 9 წლის მანძილზე დაააყაჩაღა საქართველოს მოსახლეობა და კორუფციის ბუდედ აქცია ეს ქვეყანა”, – განაცხადა ფოფხაძემ.