მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ერთვებიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ საქართველოს ჰოლანდიელი ექიმი ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინელი მედიკოსების ჯგუფს ელოდებიან. ისინი გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან ერთად მიიღებენ.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის ყველა კონსილიუმის წევრს, ვინაიდან მათ დაწერეს დასკვნა და ეს დასკვნა რომ სიმართლეს შეესაბამება ამასაც აღნიშნავს.
ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუშინ ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.