მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პოლიტიკის ის ფაქტორია, რომელიც “ქართულ ოცნებას” წალეკავს. ეს ივანიშვილმა და საქართველოში რუსულმა აგენტურამ ძალიან კარგად იციან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პოლიტიკის ის ფაქტორია, რომელიც “ქართულ ოცნებას” წალეკავს. ეს ივანიშვილმა და საქართველოში რუსულმა აგენტურამ ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, მასზე ზეწოლის განხორციელება დღეს “ქართული ოცნების” ხელში მთავარი იარაღია. თუმცა, წნეხი რაც უფრო მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და თავგანწირულია და მისი ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეეფარდა. სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მესამე პრეზიდენტი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.