პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია და არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.
“ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა, არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ უცებ გადაახვევინა იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი. გადაახვევინა ჩვენი კურსიდან. ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას. იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა. ეს ქვეყანა დაასუსტა. გაერთიანებული ქვეყანა, სტატუსის მიღების დღეები ხომ არავის გვავიწყდება, თუ რა სიხარული იყო და რა ბედნიერება ხალხში, ყველა ყველას რომ ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა, რატომ ვინმეს უთხრა?!
ჩვენ ვიცით მისგან მხოლოდ ორი სიტყვა, რომელიც ალბათ, მისი დაწერილიც არ არის. ორი დიდი სიტყვა, რომელიც არის მტრულად განწყობილი, ჯერ ერთი ჩვენი პარტნიორების მიმართ, მეორეც საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას ჰპირდება რევანშს, რეპრესიებს. რა სტილი არის ადამიანისგან რომელიც ან შიგნით არის ან გარეთ არის, ან შიგნით არის, მაგრამ ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას, მე მზად ვარ და ვიწვევ დებატებში, თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს. რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის სახელმწიფოს მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარკვიოთ რაღაცები.
და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან. მე არაფერი აღარ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებული არის, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ ორჯერ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და ვიცით, რომ კორუფციის გამო, მერე აბრუნებს, მერე ახალ თანამდებობაზე სვამს. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს. ე.ი რას ერჩის ამ ქვეყანას. ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც?!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.