არ მაქვს სურვილი, ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მოშიმშილე მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შედეგი ვიზიალურად ეტყობა სახის ფერზე და მოძრაობაშიც. თუმცა, მეუფის თქმით, ის არის მხნედ და იცის, რატომ შიმშილობს.
“არის შემთხვევები რომ შიმშილობა კი არა, თვითმკვლელობაც კი ადამიანს პირიქით ეთვლება, არის განსაკუთრებული შემთხვევები და პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ჩვენ ვერ განვსჯით ამ თემას, იმიტომ რომ ეს პოლიტიკოსისთვის არის ინსტრუმენტი. მისი არჩევანია, მე მას ვუთხარი კიდეც – თქვენ ხვდებით, რომ ამ გადაწყვეტილებით, თქვენ საფრთხეში აყენებთ თქვენ სიცოცხლეს, შესაბამისად, ამას თავისი შედეგები მოყვება და ალბათ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ-მეთქი”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის და მისი ბედი ქვეყნის მომავალს უკავშირდება.
“ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც ყველა თანასწორი, მაგრამ ის რომ ჩვეულებრივი პატიმარიაა… ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ძალიან პრობლემური და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პატიმრის ბედი, გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. თუ ამაზე დავფიქრდებით და როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა რუსთავის ციხესთან.
მან მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რუსთავის ციხეში 29 დღეა, შიმშილობს, სახარება გადასცა