ახლა დგება პირდაპირი დემოკრატიის დრო, როცა ჩვენ ადამიანებს უნდა მოვუწოდოთ პროტესტისაკენ ქალაქების მოედნებზე, ქუჩებში – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს.
მისი თქმით, ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში თავისი უფლებების აღსადგენად.
“დეფინიცია ამ არჩევნების არის ასეთი – ქართველმა ხალხმა დაკარგა მთავარი კონსტიტუციური და სამოქალაქო უფლება – არჩევანის უფლება, ამიტომ ახლა დგება პირდაპირი დემოკრატიის დრო, როცა ჩვენ ადამიანებს უნდა მოვუწოდოთ პროტესტისაკენ ქალაქების მოედნებზე, ქუჩებში. პროტესტის ყველა მშვიდობიანი და კონსტიტუციური ფორმა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ივანიშვილმა არ შეძლოს საბოლოოდ ჩამოყალიბება იმ ტოტალიტარული სისტემის, რომელსაც ის დიდი ხანია, ცდილობს, ააშენოს საქართველოში”, – განაცხადა წიკლაურმა “მთავარი არხის” ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, ახლა პარტიის ოფისში მიმდინარეობს პარტიის მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საღამოს რუსთაველის გამზირზე წარუდგენენ საზოგადოებას.