ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი, ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმრთველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.
“ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი, ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.
კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.
კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო.
კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციასა და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ.
კენჭისყრის და დათვლის პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს. მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები, სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, ეს იყო შეშფოთების საგანი.
მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს.
ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩევა, ეს ეხება საარჩევნო უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას”, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.