საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს.
დღეს, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები გახსნა.
კონკურსში დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია მონაწილეობს: “დელოიტი და ტუში”, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (“Ernst & Young Global Limited”), “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო). ამ სამიდან ერთ-ერთი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს.
როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG -იმ განახორციელა.