თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიხეილ სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი მძევლად აიყვანს ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მომდინარე აქციაზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში აქციები იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
“მე ვპირდები ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ჩვენ აქ შევიკრიბებით ათიათასობით, ასიათასობით ადამიანი მოითხოვს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. მინდა გავაფრთხილო ტელეეკრანიდან, ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე, აქედან მინდა მივმართო ღარიბაშვილსაც, სუსის ხელმძღვანელსაც, ბიძინა ივანიშვილსაც – თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიხეილ სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს და ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. დღეიდან მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც ოლიგარქი ივანიშვილი.
ჩემო მეგობრებო, ხვალ უნდა ვიყოთ უფრო მეტნი, ზეგ კიდევ უფრო მეტნი, პარასკევს კიდევ უფრო მეტნი და საბოლოო ჯამში, აქ მოიყრის თავს სრულიად საქართველო და მოვითხოვთ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლებას”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი 33 დღეა, შიმშილობს.