თუ შეეცდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩაატარონ, ჩვენ უარს განვაცხადებთ, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის ციხესთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ სასამართლო სხდომებს დაესწროს.
“34-ე დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებია, ანუ, რეალურად, მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ძნელია პიროგნოზირება, უბრალოდ, თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე უარს განვაცხადებთ. პრაქტიკა ასეთია, თუ უარს განაცხადებს მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა პირი, ვისი სასამართლო პროცესიც უნდა იყოს, შემდეგ ეს პროცესი ტარდება “ლაივში”. იმის შიშმა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს ეკრანზე და არ მიმართოს სასამართლოს და საზოგადოებას, ამის გამო აქამდე სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ დაესწროს სასამართლო სხდომებს“, – განაცხადა გელხაურმა.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.