პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნამდვილად ადგილი არ არის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა.
ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური თუ პირადი სიმპათიები და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის პარალელურად, ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო და მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც ივანიშვილის დავალებით პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა უკვე ორმაგი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლედ წოდებული მიხეილ ჯინჯოლიას უკანონო გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და არ აქვს ანალოგი, რადგან არც ერთი პატიმარი პოლიტპატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილის გარდა, არ იხდის ორმაგ პატიმრობას.
პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია, უკანონო პატიმრობაშია, აღკვეთის ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია.
პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნამდვილად ადგილი არ არის. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია შევთანხმდეთ მომავალზე – რადგან, მყარად მჯერა, რომ ეს მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ევროპულია”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა.
სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პასუხი “ერთხელ და სამუდამოდ” გაცემულია.
“ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ “ოცნებას” სჭირდება. ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა და ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას. ასეთი რამე მე არსად მინახავს. პირდაპირ ტრანსლაციას აძლევენ შეუზღუდავად, რომ პოლიტიკური გზავნილები გააკეთოს იქიდან იმიტომ, რომ “ოცნების” ბოლო იმედი არის ის, რომ ამომრჩეველი შეაშინოს სააკაშვილით. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.