თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება, არა თუ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას და კონკრეტულ პროექტებს შეიძლება საფრთხე შეექმნას, არამედ უკვე არსებულ პროექტებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება, არა თუ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას და კონკრეტულ პროექტებს შეიძლება საფრთხე შეექმნას, არამედ უკვე არსებულ პროექტებს. კერძოდ, 100-მდე პროექტს, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით ხორციელდება. მათი ღირებულება ჯამში 10 მილიარდი დოლარია და ამ დაფინანსებით 100 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ეს პროექტებიც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
აქ საუბარი არ არის მხოლოდ ლუგარზე და ასევე, საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ სანქციებზე, ამას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური ნეგატიური გავლენა აქვს, როცა შენ “ჰეზბოლასთან” და “ჰამასთან” ერთად ფოტოებს იღებ, პოზიორობ და ასე მსოფლიოს თვალწინ ჩანხარ, მაშინ არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ევროკავშირის ან ნატოს კარი შენთვის გაიღება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის ფინანსური დახმარება შეუჩერდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე.