მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტს დაცვის განხორციელების უფლება წართმეული აქვს. ამის შესახებ გვარამიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილს, პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ წართმეული აქვს დაცვის განხორციელების უფლება. ჩვენ არ გვაქვს ეს შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მოგეხსენებათ, ის მარტივად არ გადაადგილდება. ჩვენ არ გვიშვებენ მასთან პალატაში. უნდა ჩამოვიდეს 5 სართულს, შემოვიდეს ოთახში, სადაც არის ხმაგაუმტარი მინა. მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს.
“ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს იქ დასწრებას და ძალიან მაინტერესებს უარს როგორ ეტყვის ციხის ადმინისტრაცია დასწრებაზე, თუ ხუთი სართულის ჩამოსვლა შეუძლია, აქ დაჯდომა სკამზე საათობის განმავლობაში და როგორ აგვიხსნის, რომ ის თურმე ციხეში ვერ უნდა წავიდეს, ეს ძალიან საინტერესოა, ასევე მოვისმენთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.