ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” შეცდომები ხელს უშლის საქართველოს იმიჯს და აზიანებს ქართველი ხალხის ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფებას.
ამასთან, ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან არ აქვს იმედი, რომ მისი განცხადებები მმართველ პარტიას სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს შეაცვლევინებს.
“ის, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, ძალზე ცუდია. მე არ მჯერა, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს მათ ქცევას, მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს. შიმშილობით მან უკვე მიაღწია ბევრს, მიიპყრო ყურადღება იმაზე თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ჩემი, როგორც საქართველოს მეგობრის თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა.
მე მქონდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობა და ვცდილობდი, ამეხსნა მათთვის, თუ რა სახის შეცდომებს უშვებდნენ. ეს ყველაფერი საქართველოს ძალზედ ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად ქვეყანას. ეს მართლაც ზიანს აყენებს ქართველი ხალხის სურვილს და მისწრაფებას შეუერთდნენ ეევროკავშირსა და ნატოს.
არ გამიკვირდება, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება, ან “ქართული ოცნება” ქვეყნის სათავეში ან ევროკავშირში ინტეგრაცია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მედია პროექტ სასაზღვრო ზონის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე.