არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია “უცხო აგენტების” ფულით, მადლობა მათ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში განაცხადა.
“ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ გაკეთდა მუზეუმი. ამის არც დავიწყებაც არც შეგუება არ შეიძლება. როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, ეს არ არის მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არშეგუება ნიშნავს იმას, რომ უნდა ვფიქრობდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს. ამ ტერიტორიების დაბრუნება და უფრო სწორედ გაერთიანება მოსახლეობის იქა და აქა, იწყება აქა, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდებს ადგილზე დარჩენა.
იქითკენ მცხოვრებ ადამიანებს, ესენი არიან ოსები თუ ქართველები, იმათთვისაც უნდა ჰქონდეს გზავნილები. იმათი მომავალი, როგორც ჩვენი, არის ევროპაში და ეს იქნება საბოლოო გამაერთიანებელი.
მე მაინტერესებს როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა UNESCO-ს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის, რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან, მაგალითად, მარტივი რამ ტრანსპორტი დაინიშნოს. ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაცა ისეთის ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია. სად არის შერიგების მინისტრი. რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი. და კიდევ ერთი რამ – არ შემიძლია არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილი არის “უცხო აგენტების” ფულით. მადლობა მათ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.