“პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველ კანდიდატთან ინტერვიუ 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატთან – 16:00 საათზე“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ჰყავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი: გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის – კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.
შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში – 33 წუთი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. არასაპარლამენტო სუბიექტებს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში, მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს – 15 წუთი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.