არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას ძალიან უყვარს უკრაინა, მაგრამ უფრო მეტად უყვარს საქართველო, რის გამოც დაბრუნდა ქვეყანაში.
“მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს მოქალაქეებს. მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში, მქონდა ადამიანებთან გასაუბრების საშუალება ტყვედ აყვანის წინ. მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული. ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება. მე მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა. არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა?
არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ.
თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის უდიდეს ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, ახლა უკვე 2 თვეა, გასაგები მიზეზების გამო არ შეკრებილა, რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურირი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს. ჩემი ჩაწოდებით და ჩემი მომზადებული რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კანონი მიიღო რადამ, ეს არის მიწის შესახებ და სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი კორუფცია ამ სფეროში.
მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, მატერიალურად ვიყავი კარგად, ამ ყველაფერზე უარი ვთქვი და ჩამოვედი საქართველოში. ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი, შეიძლებოდა გზაში მოვეკალით, ჩამოსვლისას, მაგალითად, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამინი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. მე ძალიან მიყვარს უკრაინა, სადაც 17 წელი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მან უკრაინელ მოქალაქეებს მიმართა უკრაინულ ენაზე და მათ მადლობა გადაუხადა. სასამართლომ განაცხადა, რომ არ ესმით ეს ენა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ მას შეეძლო საერთოდ უკრაინულად ელაპარაკა და თარჯიმანი მოეთხოვა.