უკრაინელ მცველებს აქვთ უნარი გაგვაოცონ და შეუძლიათ შედეგის მიღწევა, ამის დასტურია მათი ქმედება ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ყველა ხედავს, რომ უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტების უზარმაზარ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის – ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დასაცავად”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ასეთ წარმატებებს ხელს უწყობს ჯარისკაცების გამბედაობა და უკრაინელების ბუნებრივი სურვილი, იპოვონ მოქმედების საუკეთესო გზა.
რამდენიმე დღეა, კურსკის ოლქში ბრძოლები მიმდინარეობს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაკეთებულა, პუტინის განცხადებით კი, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კიევს არ გაუფრთხილებია ვაშინგტონი კურსკის რეგიონში ოპერაციის დაწყების განზრახვის შესახებ, თუმცა უკრაინის ქმედებები ვაშინგტონის პოლიტიკას არ არღვევს.