ამ დღეს ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ არა მხოლოდ ვგლოვობთ, არამედ ვფიქრობთ იმაზე – რა მოხდა და რატომ მოხდა. ვილოცოთ იმისათვის, რომ დაღვრილი სისხლი არ აღმოჩნდეს უსარგებლო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
“ჩვენ უფალს ვავედრებთ მათ სულებს, რათა უფალმა ღმერთმა შეუნდოს მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი და დაამკვიდროს ცათა სასუფეველში, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
ამ დღეს ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ არა მხოლოდ ვგლოვობთ, არამედ ვფიქრობთ იმაზე – რა მოხდა და რატომ მოხდა.
ადამიანი წუთისოფელში მარადიული ყოფნისათვის არ არის, მაგრამ ვიდრე ხარ, გმართებს ადამიანს, რომ ღირსეულად განვლო ეს გზა. როგორია ღირსეული გავლა, რას ნიშნავს – ამას ჩვენ ვზომავთ იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება გვქონდა ღმერთის მიმართ, სამშობლოსა და ადამიანების მიმართ. აი, ეს სამი რამ – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი როგორ აისახა ადამიანის ცხოვრებაში.
ჩვენ გვახსენდება ის მძიმე და მწარე მომენტები წარსულიდან, რომელიც ჩვენს მცირერიცხოვან ხალხს უჯდებოდა დიდი სისხლისა და მსხვერპლის ფასად, მაგრამ საპირწონედ იყო ერის ღირსება, სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფოებრიობა იმას ნიშნავს, რომ დაცული იყოს ყველანაირი უფლება, საშუალება და პირობები ერის კეთილდღეობისათვის.
გვიყვარს ჩვენი სამშობლო, არ ვერჩით სხვას და ნურც ვინ შეგვეცილება – ეს არის წმინდათა წმინდა გრძნობა და მოვალეობა. ამ ყველაფრის დაცვის უზრუნველყოფას სჭირდება ჩვენი ერთობა სულიერი, ფიზიკური. მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი სულით ვიყოთ გაერთიანებული და საერთო პასუხისმგებლობით ვიყოთ აღჭურვილი. ღმერთმა მოგვანიჭოს ერთობა, ქვეყნის სიყვარულში.
ყველამ თავისი საკეთებელი უნდა აკეთოს და ყველას საკეთებელი ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს – ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილ და ნათელ მომავალს. ვილოცოთ იმისათვის, რომ დაღვრილი სისხლი არ აღმოჩნდეს უსარგებლო.
ადამიანი ფიზიკურად კვდება, როცა მისი სხეული სიცოცხლეს ამთავრებს, მაგრამ არსებობს მეორე სიკვდილი, როცა აღარ ახსოვთ გარდაცვლილნი. აი, ეს ადამიანები ცოცხლები იქნებიან მანამდე, ვიდრე ჩვენ გვახსოვს ისინი და ამით ისინი მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში. რაჟამს დაგვავიწყდება, სწორედ მაშინ გამოგვაქვს მათთვის განაჩენი და მაშინ გამოგვაქვს სასიკვდილო განაჩენი ჩვენთვის და ერისთვის, რადგან ვისაც ავიწყდება წარსული, მას არ ექნება მომავალი”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.