საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება.
პროტესტის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან დღეს, 14:30 საათზე შეიკრიბებიან.
“მოთხოვნები უცვლელია, ესაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ვაპროტესტებთ 2020-2021 წლების გაყალბებულ არჩევნებს. ის რეალობა, რაც დადგა ქუთაისის საკრებულოში, ამ პროპორციით არ ასახავს ჩვენი თანაქალაქელების განწყობას, შესაბამისად, არ ვაპირებთ შევეგუოთ გაყალბებას” , – განაცხადა ბესო ბრეგაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის.