ჩვენმა გუნდმა მოახერხა ის, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ჩვენ უმრავლესობა გვქონდა 59 მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტი დამტკიცებულია, ეს იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობას ჰქონდა მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ექნებოდა საბოტაჟს და სწორედ ამიტომ დაამტკიცა ბიუჯეტი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძველმა საკრებულომ.
“ველოდით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ასეთ საბოტაჟს ექნებოდა ადგილი და სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ზოგან ძველ საკრებულოს დაემტკიცებინა ბიუჯეტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დარჩენილიყო იმ სერვისებისა და დახმარების გარეშე, რაც ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. დაახლოებით 5 მუნიციპალიტეტშია დარჩენილი საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა, თუმცა მგონია, რომ ჯერჯერობით ეს ტრაგედიას არ ქმნის. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს არა პარტიულ დონეზე, არამედ – ინდივიდუალურ რეჟიმში. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმას, რომ ისინი გაითვალისწინებენ მათ შორის თავიანთი ამომრჩევლების ინტერესებს და დროულად მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევაში, თუმცა არც ესაა ტრაგედია, ადრე თუ გვიან მაინც შეარჩევენ საკრებულოების თავმჯდომარეებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.