გიორგი ლორთქიფანიძეს ვიცნობდი, ის არის ადამიანი, რომ დაეყრდნობი და იმედიანად რომ ხარ ისეთი, სადაც ის არის, იქ ყველაფერი კარგად იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, მისთვის უცნობია, დაეხმარა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მის შვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაში.
“სხვათაშორის, გიორგი ლორთქიფანიძეს ვიცნობდი. იცით როგორ ვიცნობდი? ერთხელ ვახსენე კიდეც, ამერიკელებთან რაღაც დაწესებულება შექმნეს აქ, ჩემი შვილის პრეზიდენტობამდე იყო, ანტიკორუფიცული ცენტრი იყო, გვიხდებოდა ხოლმე ამ დაწესებულებებთან ურთიერთობა. მაშინ გავიცანი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან კომპეტენტური იყო, ძალიან წესიერი ადამიანი ჩანდა, წლები მქონდა მასთან ურთიერთობა. მერე ვიცი, რომ ოდესაში გადავიდა, დანარჩენი არაფერი ვიცი. როცა გავიგე, ოდესაში იყო, ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, ის არის ადამიანი, რომელიც კარგი პროფესიონალია, რომ დაეყრდნობი და იმედიანად რომ ხარ ისეთი, სადაც ის არის, იქ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა.