მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დღეს მთელი დღის განმავლობაში გორის ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ.
დღის ბოლოს მედიასთან კომენტარები ექიმებმა – ნინო შარაშენიძემ და ელენე გიორგაძემ გააკეთეს. მათი განცხადებით, მათი პროფილის მიმართულებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა საერთო ჯამში, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ არასახარბიელო რჩება. დღეიდან მკურნალობის პროცესში ჩაერთო მეთოდისტი.
სახელმწიფო კომისიის წევრის ექიმი-ჰემატოლოგის ნინო შარაშენიძისა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ სუსტადაა.
“არის სუსტად, დღის მეორე ნახევარში ეს სისუსტე გაცილებით უფრო თვალში საცემია ხოლმე, რაც სავარაუდოდ მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება, იღლება ვიზიტორებთნ შეხვედრით, იმ ემოციებით, რასაც იღებს ტელევიზორით. ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, როგორც ჩვენ გაგვაცნეს, მასთან დღეიდან მუშაობს მეთოდისტი, რომელსაც დღეს ქონდა საინიციატივო ვიზიტი და შეისწავლა პაციენტის მდგომარეობა და სავარაუდოდ ის გაწერს გარკვეულ გეგმას”, – განაცხადა შარაშენიძემ.
რაც შეეხება ენდოკრინოლოგიურ ნაწილს, ექიმი-ენდოკრინოლოგის ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალიდან შეძლებს დანამატების გარეშე კვებას.
“ხვალიდან უკვე კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება, ის ნუტრიენტები, მიკრო-მაკროელემენტები, რომლებიც ქონდა დანიშნული, იქნება მოხსნილი. დანარჩენი ანალიზები ყველა ნორმაშია, სამ დღეში გარკვეული ვიტამინების პასუხებიც მექნება. რაც შეეხება ინსულინს და გლუკოზას, ისიც ნორმაშია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნოირმაშია, ლაქტატი ნორმაშია, ანუ, ასე რომ ვთქვათ, ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა”, – განაცხადა გიორგაძემ.