საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მინისტრს ქვედანაყოფის ამოცანების, მიზნებისა და განვითარების გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი სწავლებაც გამართა.
ირაკლი ჩიქოვანი სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე მოწყობილ „ჯარის ბანაკსაც“ ესტუმრა, ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და გაესაუბრა.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ „ჯარის ბანაკში“, მე-8 როტაციაზე, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს უმასპინძლა. საზაფხულო ბანაკმა საჩხერეში, კოჯორსა და ახალქალაქში, საერთო ჯამში 2200-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. “ჯარის ბანაკი” მომავალშიც გაგრძელდება.