მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით გამოვიჩინოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ სავალალო შედეგი არ დადგეს, ისეთი როგორიც ჩვენ აქამდე არაერთხელ გვაქვს ნანახი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
ის სახელმწიფო უწყებებს აქტიური ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას თავისი მოქალაქეების დასაცავად უფრო ქმედითი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.
“გასულ კვირას სამი ჩვენი მოქალაქე გაიტაცეს საოკუპაციო ხაზიდან, ზემო ნიქოზიდან, მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანაშვილი და კახა ნათაძე. თითქოს ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ არის განცხადება, ამოქმედდება ცხელი ხაზი, არიან პარტნიორები საქმის კურსში. აქცენტი მინდა გავაკეთო მამუკა ჩხიკვაძესთან დაკაშირებით, მოგეხსენებათ, რომ ის არის ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი, ჩვენ ვიცით, როგორ ექცევიან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ყოფილ ძალოვნებს.
მინდა, მივმართო ჩვენს სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგების სამინისტროს, ისევე როგორც პარლამენტს და გთხოვოთ, რომ გამოვიჩინოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ სავალაო შედეგი არ დადგეს, ისეთი როგორიც ჩვენ აქამდე არაერთხელ გვაქვს ნანახი.
მამუკა ჩხიკვაძესთან დაკაშირებით არის ინფორმაცია, რომ ის არის ნაცემი. ეს ინფორმაცია ვრცელდება და არანაირი პასუხი ამასთან დაკაშირებით არ არის. ამიტომ მოვუწოდებ სახელმწიფო უწყებებს, აქტიური ძალისხმევა გასწიონ იმისთვის, რომ ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ის დროზე დაუბრუნდეს ოჯახს.
მიმაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და რუსული ოკუპაცია უნდა იყოს სამსაჯელო საკითხი და ჩვენ უნდა გვქონდეს ქმედითი პოლიტიკა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და დავიცვათ ქვეყანა იმ გამოწვევებისგან, რომელსაც აქვს ადგილი რუსეთიდან”, – განაცხადა აქუბარდიამ.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა 4 დღის წინ გაიტაცეს.