ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი წინასაარჩევნო პერიოდს შეეხებოდა.
“საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. ამაზე იყო საუბარი. რაზეც ისაუბრეს მათ იყო ის, რომ ისინი არიან აქ, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.