არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი საკუთარი დადგენილებით დაადასტურებს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად ამ მოლოდინისა, საგამოძიებო კომისიის მუშაობა მათ ინტერესებში შედის. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობა გრძელდება დღემდე და მას არ ეძლევა მკურნალობის საშუალება.
“პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენს ინტერესებში შედის, თუმცა არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი საკუთარი დადგენილებით დაადასტურებს იმ ფაქტს, რასაც ქონდა ადგილი, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შესაბამისი ადამიანების დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს, თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც სააკაშვილი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. და თუ როგორ არის ეს მოპყრობა განგრძობადი დღემდე, როდესაც მას არ ეძლევა სათანადო მკურნალობის საშუალება” , – განაცხადა მშვენიერაძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავადაც მისცემს ჩვენებას საგამოძიებო კომისიას. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი სუსტად, თუმცა მხნედაა.
“ცხადია, მას აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული მოსაზრება მისი ექიმებისგან, ის თავს გრძნობს სუსტად, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ის არის ბრძოლის განწყობაზე. მას სჭირდება კონსულტაცია კვალიფიციური ექიმების, რასაც სამწუხაროდ, ვერ იღებს”, – განაცხადა მშვენიერაძემ.