spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატრიარქი – ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე

ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს, – ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

 

“დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი … ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი.

 

მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია  მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი  საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით.

 

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.

 

“სიცოცხლე ან სიკვდილი,“ – ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე  არ  გვქონია გადასადგმელი.

 

“აირჩიე სიცოცხლე,“ – მოგვიწოდებს მოციქული.

 

მორწმუნეთათვის ეს  ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ.

 

ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების;  ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.

 

მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ   დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? … მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც,  რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ?  რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? … 

 

რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება”, – აღნიშნულია საშობაო ეპიტოლეში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები