UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, UNESCO-ს საქართველოს მთავრობასთან აქვს შეკითხვა გაგზავნილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა.
მისივე თქმით, უზუსტობაზე მიანიშნებს ისიც, სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 11 ივლისის ნაცვლად 5 ივლისია ჩაწერილი.
“UNESCO აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადეობამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა UNESCO-ს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებულ 2021წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაა შეყვანილი. მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული.
აღსანიშნავია, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.