აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის საკითხის დიპლომატიური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია და სასურველია, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა, რუსეთის აგრესიას მძლავრად უპასუხოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა.
სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდასთან დაკავშირებით, აშშ-ის და მოკავშირეების შესაძლო საპასუხო რეაგირების და რუსეთთან მომავალი დიპლომატიური ჩართულობის საკითხები განიხილა.
ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დიალოგი არ იქნება.