spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – ხშირად საუბრობენ “გერმანულ მოდელზე”, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ზუსტად იდენტური არ არის

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან აუცილებელია ნატოს 30-ვე წევრის თანხმობა – ამის შესახებ Front News-ს  “შავი ზღვის უნივერსიტეტის” პროფესორმა,  პოლიტოლოგმა  ნიკა ჩიტაძემ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

 

ჩიტაძის თქმით, რუსეთი სარგებლობს იმით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საქართველოსა და  უკრაინისთვის  ნატოში გაწევრიანების  შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

 

“ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.  ის, რომ რასმუსენი საუბრობს, რომ ეს ორი ქვეყანა უნდა მივიწვიოთ თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, რა თქმა უნდა,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ან უკრაინა აღიარებს ან ყირიმს, აფხაზეთს ან ცხინვალის რეგიონს. 

 

საქართველო არის არაერთი საერთაშორისო,  სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მათ შორის, პირველ რიგში,  გაეროს წევრი და ეს  ორგანიზაცია  აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი,  ღმერთმა ქნას, რა თქმა უნდა,  ნატო მთლიანობაში და ნატოს თითეული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია,  არ ეთქვას  უარი ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაზე. 

 

ჯერჯერობით, რუსეთი სარგებლობს იმით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საქართველოსა და  უკრაინის ნატოში გაწევრიანების  შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. მართებულია,  რომ რუსეთს მკაფიო  სიგნალი უნდა გაეგზავნოს, რომ ნატო ამის საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს გაფართოების მიმართულებით. დათმობა კრემლის მიერ აღიქმება,  როგორც სისუსტე. 

 

თუმცა, არ არის საკმარისი მხოლოდ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება, რადგან ნატოში გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურა,   ეს არის ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ან მინისტერიალი. შესაბამისად,  ნატოს გენერალური მდივნის განცხადება მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან აუცილებელია ნატოს 30-ვე წევრის თანხმობა, რომ საქართველოს გაეგზავნოს მოწვევა, ისევე როგორც უკრაინას”, – განაცხადა ჩიტაძემ.

 

მისი განმარტებით, გერმანიის შემთხვევა განსხვავებულია, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის რეალობა, ამდენად “გერმანული მოდელი” ჩვენს შემთხვევაში მთლად შესაფერისი არ არის.  

 

“ერთ რამეში ვერ დავეთანხმები ბატონ რასმუსენს, მიუხედავად იმისა, რომ მის მოსაზრებას დიდად პატივს ვცემ. გერმანულ მოდელს ახსენებს ის. 1955 წელს, როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მიიღეს ნატოში, იმ დროს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. მართლია,  გაეროს წევრი მოგვიანებით გახდა, მაგრამ დე იურე და დე ფაქტო ეს სახელმწიფო არსებობდა. გერმანია კი იყო დაყოფილი, მაგრამ ეს აღიარებული იყო საერთშორისო საზოგადოების მიერ. დღეს აფხაზეთი,  ცხინვალის რეგიონი და ყირიმი არ არიან აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები და არც იქნებიან. 

 

ჩვენთანაც ხშირად საუბრობენ “გერმანულ მოდელზე”,  მაგრამ ზუსტად იდენტური არ არის.  1949 წლის ოქტომბერში გერმანია ოფიციალურად გაიყო ორ ნაწილად”, – განაცხადა ჩიტაძემ. 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ  საქართველოსა და უკრაინას მოწვევა უნდა გაეგზავნოთ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. 

 

“მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრაზე და ზაფხულში, მადრიდის ნატოს სამიტზეც რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს შეგვიძლია გერმანული მოდელით გავაკეთოთ. 

 

ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. მადრიდის სამიტი დაადასტურებს აუცილებლად ღია კარის მიდგომას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას და შემდგომი გაფართოების მიმართ ნატოს ურყევ და მტკიცე პოზიციას“, – განაცხადა რასმუსენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები