მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დროულ სამედიცინო რეაგირებას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში შესვლის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადმოყვანის შემდეგ ის პირად ექიმს არ მოუნახულებია.
“მიხეილ სააკაშვილს რუსთავის დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება არ მისცემია. ეს კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევაა. მისი დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, მოითხოვს დროულ რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით.
განცხადება არის არაერთხელ ჩაბარებული, მათ შორის, 3 იანვარს არის განცხადება ჩაბარებული ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით, ხოლო მაგნიტო-რეზონანსული კვლევის გაკეთებასთან დაკავშირებით მოსაზრებები დაფიქსირებული აქვს არაერთ ექიმს”, – განაცხადა მშვენიერაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. მისივე თქმით, მან წინა დღით ციხეში გონება დაკარგა.