spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში საზოგადოებრივი გაერთიანება “ანტიკორუფციული მოძრაობა” დაფუძნდა

დღეს თბილისში საზოგადოებრივი გაერთიანება “ანტიკორუფციული მოძრაობა“ დაფუძნდა.

 

ანტიკორუფციული მოძრაობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს. 

 

“ჩვენი მიზანია, სამოქალაქო აქტივიზმის გზით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული ფაქტების გამოვლენა, კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილება და დაზარალებული ადამიანებისა და ბიზნესსუბიექტების ადვოკატირება. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით მოვახდინოთ საზოგადოებრივი ზეწოლა სამართალდამცავ უწყებებზე, რათა ვაიძულოთ  ისინი რეაგირება მოახდინონ კორუფციულ ფაქტებზე და საქმეები საფუძვლიანად გამოიძიონ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, თუ რა კავშირი აქვს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კორუფციას, მათი ცხოვრების გაუარესებულ მაჩვენებლებთან, სიღარიბესა და ეკონომიკურ პრობლემებთან. სწორედ ამ გზით ვეცდებით ფართო საზოგადოების დარაზმვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ.

 

ანტიკორუფციული მოძრაობის მასშტაბებზე და სამომავლო გეგმაზე ისაუბრა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ფარულავამ, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ წახალისებული სისტემური და პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და მსხვილ ბიზნესში არსებული ოლიგოპოლია, სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. 

 

“აღნიშნულმა ფაქტიურად ჩამოშალა ინსტიტუციები და გააღრმავა საზოგადოებაში  ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესის მიმართ, რაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემაფერხებელი და ავტორიტარიზმის გაძლიერების ძირითადი წყაროა. 

 

ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და ინსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ქართული ოცნების კორუმპირებულ კლანს, სრულფასოვნად და ობიექტურად გამოიძიებს კორუფციულ ფაქტებს და შეაკავებს მზარდ ავტორიტარიზმს. 

 

ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ იმუშაოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც კორუფციული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შევქმნით ლოკალურ ჯგუფებს და არ მივცეთ მოსვენებას ქართული ოცნების მიერ შექმნილ არაფორმალურ კორუმპირებულ დაჯგუფებას, ქვეყანას წაართვას დემოკრატიის განვითარების პერსპექტივა“, – განაცხადა ფარულავამ.

 

“ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი, მოძრაობას ასევე უერთდება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი. 

 

საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისი მდებარეობს თბილისში, ფერისცვალების ქუჩა N20/22-ში (მეტროსადგური ავლაბრის მოპირდაპირე მხარე).

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები