spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა არეშიძე – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური სამხედრო ბაზები სოკოებივით მრავლდება

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ქართული პოლიტიკური პროცესების  ფოკუსიდან თანდათან იკარგება.  რა ვითარებაა ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში,  Front News-ს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა. 

 

– ოკუპირებულ აფხაზეთში რთული მდგომარეობაა, ეს ის სიტუაცია არ არის, როცა ერთი კლანი ებრძვის მეორეს.  ცოტა დაბნეული მეჩვენება აფხაზური საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, ისე სამოქალაქო საზოგადოება. ისინი ხედავენ, რომ იმდენად ძლიერია რუსეთის ექსპანსია, როგორც სამხედრო,  ისე სამოქალაქო სექტორში,  რომ გამოსავალს ვეღარ პოულობენ და ეს დაბნეულობა ჩანს.

 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებები რუსეთისადმი დათმობისა და ანგარიშის გაწევის შესახებ, ასევე ინალ არძინბას დანიშვნა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივად მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრია,  დემონსტრაციულად აძლიერებს  პრორუსული პოლიტიკას. აკრძალა ყოველგვარი ურთიერთობა ქართულ მხარესთან, ასევე ევროპასთან და დასავლეთთანაც.  ეს და ზოგი სხვა აქტივობა, რომელიც მოდის მოსკოვის ხელიდან, ძალიან აშფოთებს არა მხოლოდ საზოგადიების წარმომადგენლებს, არამედ ჩინოვნიკური აპარატის გარკვეულ ნაწილსაც. 

 

– რაში გამოიხატება ეს შეშფოთება, როგორ გამოხატავენ ამას?

 

– ეს სოციალურ ქსელშიც ჩანს. მონიტორინგს თუ ჩაატარებთ. ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ პრაქტიკულად რუსები შემოვლითი გზებით იტაცებენ აფხაზურ მიწას,  უკრძალავენ აფხაზებს ყველა ტიპის აქტივობას, არა მარტო საქართველოსთან, არამედ დასავლეთთანაც. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში,  სამოქალაქო სექტორს, უკვე კანონის ცნებას მიიღებს უცხოეთის აგენტის სტატუსი, რომელიც აქვს  რუსეთში ბევრ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ცენტრებთან. 

 

გარდა ამისა, მიდის ძალიან დიდი კამპანია სოციალურ ქსელში,  რომ რუსეთი არის ჩვენი მშველელი, რუსეთს უნდა დავუთმოთ, კოჭი გავუგოროთ და ასე შემდეგ. მიმდინარეობს აფხაზურ საზოგადოებაზე  როგორც პოლიტიკური,  ისე სოციალური ზეწოლა. საქმე იქამდე მიდის, რომ მოგეხსენებათ,  აფხაზეთის ბიუჯეტის 70% დამოკიდებულია ტრანშებზე მოსკოვიდან. აფხაზების სიჯიუტეს რუსები იმით სჯიდნენ,   რომ ტრანშები დაგეგმილ ვადებში კი არ მოდიოდა, ვთქვათ, საახალწლოდ და მაისში, არამედ როდესაც რუსებს აწყობდათ. ისე ხდებოდა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანები და პენსიონრები უფულოდ რჩებოდნენ, დემონსტრირება ხდებოდა იმის,  რომ ჩვენზე ხართ დამოკიდებული. 

 

აფხაზების სიჯიუტემ რუსებს გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯები, რომელიც დასჯაზეა ორიენტირებული.  მეორე – ისა, რომ რუსეთს არჩეული აქვს ამ ტერიტორიების შთანთქმის სტრატეგია. თუ სამხრეთ ოსეთში მას წინააღმდეგობა არ ხვდება, პირიქით, ამ რეგიონის  დე ფაქტო ხელისუფალი წარმოადგენს პარტიას “ედინაია ოსეტიას”, რომლის მთავარი ლოზუნგია რუსეთთან გაერთიანება.  ამავე ლოზუნგით მიდის მომავალ, აპრილში დაგეგმილ  არჩევნებზე.  აფხაზეთში ასეთი განწყობები არ არის, ამიტომ რუსეთმა სხვა ტაქტიკური სქემა აირჩია. ამოცანა ორივე შემთხვევაში ერთიდაიგივეა.

 

სამხრეთ ოსეთი კარგა ხანია, ქცეულია ერთ დიდ სამხედრო ბაზად. ეს არის ერთი დიდ სამხედრო პოლიგონი საქართველოს გულში, სამხრეთ კავკასიის გულში.  აქ არის უამრავი ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური სამხედრო ბაზა მთელი თავის შემადგენლობით. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ჩართულია ამ ბაზების ინფრასტრუქტურაში, დასაქმებულია მომსახურე პერსონალად, ზოგი მზარეულია, ზოგი დამლაგებელი, ზოგი სამედიცინო პერსონალი. ერთი მთლიანი სხეული შექმნეს, სადაც მოსახლეობაც ჩართულია სამხედრო ბაზების ფუნქციონირებაში. 

 

აფხაზეთშიც იგივე პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ცოტა  განსხვავებული ვითარებაა. იქმნება როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური  ბაზები, რომელთა რაოდენობა სოკოებივით იზრდება.

 

დაახლოებით 10-მდე ოფიციალური ბაზაა, რასაც კიდევ ქვებაზები მოყვა, ბაზების მიმდებარე ტერიტორიების დატაცება ყოველდღიური მოვლენა.  სამხედრო ბაზების გაფართოება ისე ხდება,  რომ აღარც ეკითხებიან აფხაზეთს დე ფაქტო ხელისუფლებას.  ასე მოხდა გულრიფშში, ბიჭვინთაში და  ბევრ სხვა ადგილას.  მოგვიანებით ხდება უკვე ეს ინფორმაცია ოფიციალური სოხუმისთვის ცნობილი.

 

ამის გარდა,  მთებში  აშენებენ გაურკვეველ ნაგებობეს, საოკუპაციო ხაზიდან ძალიან  შორს, რუსეთის საზღვარზე, ამ ნაგებობების დანიშნულება არავინ იცის.  

 

ანექსიის ეს ფორმა აქვს რუსეთს არჩეული, რასაც არ აძლევენ ნებით  აფხაზები, ისინი ძალით სტაცებენ, იქეთ ამადლიან, რომ თქვენი დაცვის მოტივით ხდება ეს ყველაფერი.

 

აფხაზი მომხმარებლები სოციალურ ქსელში კითხვას სვამენ  – თუ  ჩვენ გვიცავენ ქართველებისგან, მაშინ რატომ არ აკეთებენ ამას ენგურზე  და რატომ აკეთებენ ქვეყნის სიღრმეში, ან რუსეთის საზღვართან? 

 

რაც შეეხება ამ არაოფიციალურ ბაზებს,  ესაა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების სახით წარმოდგენილი. ჩემი ღრმა რწმენით, ესაა კერძო სამხედრო სტრუქტურები, “ვაგნერის” ტიპის. მაგალითად,  არის დახურული ტიპის  რელიგიური დასახლება,  დაახლოებით 4 ათასი რუსია ჩასული  სასულიერო პირების საფარველის,  სამოსის ქვეშ. რამდენიმე ადგილას არის ასეთი ზონები, ერთია გაცილებით დიდი. ვინც იცნობს იქ მყოფთა ცხოვრების წესს, ამბობენ, რომ არავითარი სასულიერო პირები არ არიან, ისენი არიან  უშიშროების თანამშრომლები.  მე ვფიქრობ, რომ ეს არის კერძო სამხედრო სტრუქტურის ნაწილი.

 

კერძო სამხედრო სტრუქტურა – “ვაგნერი” ისეთ   სიმბიოზშია სახელმწიფოსთან, რომ იქ უკვე ვეღარ გაიგებ, ვინ დაქირავებული მებრძოლია და ვინ სპეცსამსახურის მივლინებული თანამშრომელი. იმის ნათელი დადასტურება, რომ ვაგნერი არის კრემლის დასაყრდენი, არის ის,  რომ ყაზახეთში ვაგნერს ჩააბარეს უმნიშვნელოვანესი ობიექტების დაცვა, მათ შორის ბაიკონურის კოსმოდრომის. 

 

ბორდერიზაციაზე გაცილებით ღრმა პრობლემაა ის,  რაც ხდება ამ მავთულხლართების მიღმა, ამ ბაზების სახით. ამას გარდა,  რუსეთი ადამიანების ცნობიერებაში ავლებს ფსიქოლოგიურ ხნულებს და მავთულხლარებს. 

 

– ეს საკითხები ჩვენი საზოგადოების ფოკუსში ნაკლებად ხვდება, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ან საზოგადოებამ ამის საწინააღმდეგოდ?

 

– საზოგადოების და პოლიტიკური წრეების ფოკუსში რომ არ არის ეს საკითხები, ამას ვხედავ. სპეცსამსახურების ფოკუსში ნამდვილად არის, მაგრამ  ალბათ, ყველა ერიდება სიტუაციის გამწვავებას. პროცესი იმდენად ღრმადაა წასული,  აქ  განცხადებების კეთება, აპელირება დასავლეთზე, პარტნიორებზე,  უკვე არაფერს  იზამს.  წავიდა განცხადებების დრო, ახლა მოქმედებაა საჭირო. 

 

– თქვენ რას ფიქრობთ, რაში ხედავთ გამოსავალს?

– ჩვენ გამუდმებით ვწუწუნებთ იმაზე, რომ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ “რბილ ძალას”.  თუ სხვებს შეუძლიათ მისი გამოყენება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ,  როდესაც არსებობს საინფორმაციო სივრცე, არსებობს  სოციალური ქსელები?  ჩვენც შეგვიძლია,  რომ ადამიანებს ელემენტარულად  თვალები ავუხილოთ იმაზე, რაც მათ თავს ხდება. თან, როგორც არასდროს, აფხაზური საზოგადოება ისეა მზად ასეთი ტიპის ინფორმაციის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდულები არიან.  მათაც დაკარგეს უამრავი დრო, მათაც დაუშვეს შეცდომა შეცდომაზე. 

 

– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცხინვალის რეგიონისაგან განსხვავებით,  აფხაზეთთან მიმართებით მცირე,  მაგრამ რაღაც იმედი შეიძლება არსებობდეს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მათ აქვთ პროტესტის გრძნობა?

 

– კი, რასაკვირველია, ეს ასეა, მაგრამ საიმედოს ამ მდგომარეობას ვერ დავარქმევ.  30 წლის განმავლობაში  აფხაზეთში ისეთი  პროპაგანდა  მიდიოდა ქართველისგან  მტრის ხატის შესაქმნელად,  საბჭოთა კავშირშიც კი არ ყოფილა მსგავსი –  როდესაც ფაშისტისგან იქმნებოდა მტრის ხატი, იქ გერმანელ ხალხის სიცუდეზე არ ყოფილა პროპაგანდა, აფხაზურ მედია სივრცეში და სოციალურ სივრცეში კი გამუდმებით მიმდინარეობს  ქართველის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. 

 

– ჩვენ რას ვუპირისპირებთ ამას?

 

– ჩვენ არაფერს ვუპირისპირებდით, არასდროს. გავიდა დრო, ახალი თაობა წამოვიდა, რომელსაც თავად არ უნახავს ის პროცესები. მათთან არის სამუშაო, რუსები მუშაობენ მათზე, მაგრამ ჩვენც გვქონდა შანსი და გვაქვს კიდევ. მე მქონია მათთან ურთიერთობა, თავიდან ანტაგონიზმი იგრძნობა, მაგრამ შეიძლება მათთან არგუმენტების მოყვანა. ეს არის ეტაპობრივი და ხანგრძლივი სამუშაო, მაგრამ სამუშაოა, თუ არაფერს გააკეთებ, ვერაფერსაც ვერ მიიღებ.  

 

ირინა მაკარიძე

Front News

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები