მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები უკვე მეექვსე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ. ისინი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან პირადი ექიმის შესავლასა და სათანადო მკურნალობის შესაძლებლობას ითხოვენ.
დღეს აქციაზე მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანიაც იმყოფებოდა. მან ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანის სიცოცხლის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ყოველგვარ ზღვარს სცდება.
“დიდი შეცდომაა ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ. არ ვიცი, რა ქვია ამას, ბოლოსდაბოლოს ყოფილი პრეზიდენტია. დღეს ძალიან ბევრი ქვეყნის ყურადღება აქეთ, ჩართული არიან ამ პროცესში, ზოგიერთი ითხოვს საერთოდ მის გაყვანას,- ჩვენ მივხედავთ, ჩვენ ვუმკურნალებთო. აქ მკურნალობაზეც არაა ლაპარაკი, ფაქტობრივად, გამოკვლევაც არ ჩატარებია. შედარებით უკეთესი დამოკიდებულება იყო პირველად, გორში რომ აღმოჩნდა, იქ სადაც უშვებდნენ ექიმს, სადაც შიმშილობდა. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც დაჭირდა დახმარება და იქ რეანიმობილი იდგა და აღმოუჩინეს დახმარება, გორის შემდეგ მდგომარეობა საერთოდ გაუგებარია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეშვება არ მოხდება, ისინი საპროტესტო აქციებს რეგიონებში გააფართოებენ და ადგილზე კარვებს გაშლიან.