როგორ მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესი უპირატესი და უზენაესია ყოველი პარტიული თუ თითქმის ბიზნესინტერესებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი წერს.
“სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი, მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში “ჩვენს პოზიციებს” იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.
ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი. ეს არის მისი პასუხი, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან?
გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს “ეფემერული პოლიტიკური ეფექტის” ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.
ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ.
რას ვიგებთ, რა სარგებელს ვიღებთ, რის ფასად, ვის ვუგორებთ კოჭს, რისთვის, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვისთან ვაგრძელებთ მეგობრობას?
ოჰ, ყოვლისგამგეო… გული მიმძიმდება, როგორ მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესი უპირატესი და უზენაესია ყოველი პარტიული თუ თითქმის ბიზნესინტერესებზე”, – წერს ჯავახიშვილი.
გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა.