spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – ულტიმატუმს, რომელიც პუტინმა წაუყენა საერთაშორისო თანამეგობრობას, აუცილებლად წაუყენებს საქართველოს ხელისუფლებას

იმ ულტიმატუმს, რომელიც პუტინმა  წაუყენა საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, აუცილებლად  წაუყენებს საქართველოს ხელისუფლებას, შედეგად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება, -ამის შესახებ  Front News -ს „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა. 

 

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას“ წინ მძიმე არჩევანის გაკეთება ელოდება. 

 

“მაქვს მძიმე მოლოდინი, რომ იმ ულტიმატუმს,  რომელიც პუტინმა  წაუყენა საერთაშორისო, დემოკრატიულ თანამეგობრობას,  აუცილებლად  წაუყენებს საქართველოს ხელისუფლებას. ეს იქნება ღია ფორმით, ისეთივე ღია ფორმით, როგორიც იყო გაგზავნილი 17 დეკემბერს ნატოსა და აშშ-ისადმი,  – რომ უარი თქვას  ნატოში გაწევრიანების კურსზე,  მოითხოვს შეწყვიტოს ერთობლივი წვრთნები და ვარჯიშები შეერთებულ შტატებთან და ნატოელ პარტნიორებთან, აიღოს ვალდებულება, რომ არასდროს არ განათავსებს მის ტერიტორიაზე  ნატოს სამხედრო ბაზებს.  აქ უკვე ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება – თუ მიიღებს ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას,  ეს მისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება და საზოგადოება ამას არ გაატარებს, ხოლო თუ პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებს ნატოსთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, მაშინ „ქართულ ოცნებას“ მძიმე დღეები დაუდგება, მისი ყველაზე უფრო სერიოზული ლობისტი და მხარდამჭერი რუსეთის მხრიდან“ , – განაცხადა პეტრიაშვილმა. 

 

რაც შეეხება  უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხს,  პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პუტინის  ქმედებები კრახისთვისაა განწირული. 

 

“მიუხედავად ამ უმძიმესი ვითარებისა, რომ პრაქტიკულად რესურსი არ დარჩა დიპლომატიური მოგვარებისა, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალისხმევას არ იშურებს, ამაზე მეტყველებდა აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის მიმართვა და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის  განცხადება, რომ მსოფლიო მზად არის ამ კრიზისისთვის.  ძალიან სწორად შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომ ეს არ არის უკრაინის კრიზისი, ეს არის რუსეთის კრიზისი დემოკრატიულ ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ შანტაჟით გამოხატული. 

 

რუსეთის მცდელობა დაეშანტაჟებინა საერთაშორისო საზოგადოება, ჩავარდა და ახლა რუსეთის ლიდერი პუტინი ცდილობს, რომ დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებზე ჩვენთვის მწარედ ნაცნობი მოქმედებებით განახორციელოს „სახის შენარჩუნების“ ოპერაცია, რომელიც ასევე განწირულია კატასტოფისთვისა და კრახისთვის, იმიტომ რომ არც უკრაინა არის ისეთი, როგორიც იყო 2014 წელს და არც საერთაშორისო თანამეგობრობაა ისეთი, როგორიც იყო 2008-ში.  საოცარი მობილიზებაა საერთაშორისო თანამეგობრობის და საოცარი მზადყოფნაა უკრაინის საზოგადოებასა და მთელ დემოკრატიულ მსოფლიოში.  შესაბამისად, პუტინს რჩება ერთი გზა,   –  რეალურად შეეგუოს იმ მარცხს, რომელიც მან მიიღო ამ შანტაჟის შედეგად, ან ბოლომდე შევიდეს იქ,  სადაც მოხდება მისი პოლიტიკური დასამარება, სამწუხაროდ,  მისი ათასობით თანამოქალაქის დასამარება“, – განაცხადა პეტრიაშვილმა 

 

მისი თქმით, პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით თავისი მიზნის განხორცილებას ვერ შეძლებს. 

 

„ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს, შესაძლოა, ამ ტერიტორიების აღიარება მოახდინოს, შესაძლოა, მცდელობა ქონდეს ლეგიტიმაციის, მაგრამ მისი „გაფართხალება“ მარიუპოლის, ოდესის მიმართულებით დასრულდება თავად ვლადიმერ პუტინის კრახით, გადამეტების გარეშე და სრული პასუხისმგებლობით გეუბნენებით ამას, აგონიაშია, პუტინიც და მისი რეჟიმიც“, -განაცხადა პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები