spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა” გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

 

მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დონბასში სიტუაციის გამწვავებამ კრიტიკულ დონეს მიაღწია.

 

მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა თითქოს „ხელოვნური სახელმწიფო წარმონაქმნია, რომლის არქიტექტორიც ვლადიმერ ლენინი იყო“.

 

„ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად გაჩნდა საბჭოთა უკრაინა. ვლადიმერ ილიჩ ლენინის სახელობის უკრაინა, ის არის მისი ავტორი და არქიტექტორი, მათ შორის ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს და ახლა ლენინის ძეგლებს ანგრევენ და ამბობენ, რომ ეს დეკომუნიზაციაა… გინდათ დეკომუნიზაცია? კარგი, ეს ჩვენ გვიწყობს. ჩვენ მზად ვართ ვაჩვენოთ რას ნიშნავს ნამდვილი დეკომუნიზაცია“, – განაცხადა პუტინმა.

 

მისივე თქმით, „სსრკ-ს დაშლა ბოლშევიკების სტრატეგიულმა შეცდომებმა“ გამოიწვია.

 

„ისტორიული რუსეთის ნგრევა სსრკ-ს სახელით მათ სინდისზეა“, – აღნიშნა პუტინმა.

 

პუტინმა ნატო-ს და აშშ-ის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ არ სურთ ისეთი დიდი და შემდგარი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია.

 

თითქმის ერთსაათიანი საუბრის დასასრულს კი განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება “ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების” აღიარების შესახებ და ფედერალურ კრებას დაავალა, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს. 

 

“აუცილებლად მივიჩნევ დიდი ხნის წინ მომწიფებული გადაწყვეტილებას მიღებას, დაუყონებლივ ვაღიარო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოკიდებლობა და სუვერენიტეტი და ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს.

 

ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას”, – განაცხადა პუტინმა. 

 

უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი პუტინმა დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა, მოგვიანებით კი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ აღიარების შესახებ შესაბამის განკარგულებას ხელს მოაწერდა.

 

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

 

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწვევით საფრანგეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება ელისეის სასახლეშიც.

 

სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მაკრონმა მას შემდეგ მიიღო, რაც პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ განკარგულების ხელმოწერას გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები